weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მაკაც დაუთმობს თავის საყვარელ ადგილს სამშობლოს – ლომინაძე

16:45 ორშაბათი, 31 მაისი 2021

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე დარწმუნებულია, რომ სოფელ მექვენაში მცხოვრები მაკა სულაძე, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგეა, დათანხმდება „საყვარელი ადგილის სამშობლოსთვის დათმობას“.

მერაბ ლომინაძემ დღეს სოფელ ნამოხვანში, იქ, სადაც შპს „ენკა რინიუებლზი“ სადერივაციო გვირაბს აშენებს, ჟურნალისტებისთვის ტური მოაწყო და მათ შეკითხვებს უპასუხა. როგორც ლომინაძემ თქვა, მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება ვერ მოხერხდება, თუ არ შედგა კონსენსუსი.

„პროექტის შესაბამისად იტბორება სამი სოფელი. დღეის მდგომარეობით გადახდილია 35 მილიონი ლარი კომპენსაციის სახით. დაკმაყოფილებულია პრაქტიკულად ყველა მოსახლე, რომელიც იმყოფებოდა დატბორვისა და ზემოქმედების არეალში, გარდა ერთი ქალბატონისა.

ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და განხილვა, თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ პროექტს, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება და ამ თავის საყვარელ ადგილს დაუთმობს თავის სამშობლოს“, – განაცხადა ლომინაძემ. 

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამოხვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამოხვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია. 

ამ თემაზე ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი – რიონის ხეობის დარაჯები

ნამახვანჰესის მშენებლობას 7 თვეა უწყვეტად აპროტესტებენ რიონის ხეობაში. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

პროტესტის 209-ე დღეს, 23 მაისს, დემონსტრანტებმა თბილისში გადაინაცველს და 26 მაისამდე იქ მართავდნენ აქციებს. გუმათში დაბრუნების შემდეგ მათ ინვესტორი კომპანიის ავტომობილებისა და თანამშრომლებისთვის გზები გადაკეტეს და ასე ცდილობენ ნამოხვანში მიმდინარე მშენებლობას ხელი შეუშალონ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მთავარი მოთხოვნებია – უარი ითქვას „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და გამოძიება დაიწყოს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შესაძლო დანაშაულებრივ დოკუმენტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]